საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და სამი პირი დააკავა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




