საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ესტუმრა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს გარიკ მურადიანს უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ლევან მაისურაძემ სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოსა და სომხეთის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და აღჭურვილობა, ასევე, ესტუმრნენ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს, სადაც ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს.
თაგები:
საპატრულო პოლიცია




