Logo

სერგი კაპანაძე - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რუსეთი დამარცხდეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც გაყოფილია

პოლიტიკა
523
Frontnews image description

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რუსეთი დამარცხდეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც გაყოფილია, რომელიც ძალიან მოწყვლადია რუსული საინფორმაციო გავლენის მიმართ, - ამის შესახებ დიპლომატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებში შარშანდლისგან განსხვავებით, მაია სანდუმ მყარად გაიმარჯვა.

"შედეგი გვეუბნება იმას, რომ მაია სანდუმ და მისმა პროევროპულმა მთავრობამ გაიმარჯვა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საბოლოო გამარჯვება, გვახსოვს, რომ შარშანდელი რეფერენდუმი იყო ძალიან დაძაბული, მაშინ ბეწვზე გამოგლიჯა სანდუმ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, ისე რეფერენდუმი და მაშინ გამოჩნდა, რომ ეს პრორუსული ძალები ძალიან ძლიერები არიან და ასევე, მაშინ გამოჩნდა, რომ რუსეთი იყენებს ყველანაირ გზას. ის შარშანდელი არჩევნები იყო პრელუდია ამ უფრო მთავარი არჩევნებისა.

სანდუმ ეს არჩევნები, როგორც ჩანს მოიგო და მოიგო ძალიან მყარად, აქვს ძალიან სოლიდური უმრავლესობა პარლამენტში იმის ფონზე, რომ არის ერთი ძალა, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს მასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩემთვის, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რუსეთი დამარცხდეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც გაყოფილია, რომელიც ძალიან მოწყვლადია რუსული საინფორმაციო გავლენის მიმართ და სადაც რუსეთს ჰყავს თავისი გავლენის აგენტები და სადაც რუსეთი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს და რომელიც ძალიან პრინციპული იყო რუსეთისთვის, რომ მოეგო. ეს გამარჯვება კი მისალოცია მაია სანდუს და პროევროპული ძალებისთვის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია - მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.1%-ით ლიდერობს.

Advertisement