შალვა კერესელიძე - ჩვენს მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია საოკუპაციო რეჟიმისთვის, უფრო მეტიც, თქვენ ამ ინფორმაციებს მალავთ

ავტორი
Front News საქართველო
ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფელ ჩორჩანას, რომელიც ქართული ტერიტორიაა, ოკუპირებული რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად ასაღებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამით გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და რეპუტაციას.
"საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული მიწის დაცვისთვის, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის, ცხინვალის რიტორიკით ასამართლებთ დღეს გიორგი გახარიას, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ამის დასტურია, რომ IPRM-ის შეხვედრებზე, სადაც ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრები იმართება, საოკუპაციო რეჟიმი მადლობას გეუბნებათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გასამართლებისთვის და ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული საგუშაგოს დემონტაჟი უნდა მოხდეს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, გესმით? ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფელ ჩორჩანას, რომელიც ქართული ტერიტორიაა, ოკუპირებული რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად ასაღებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენს მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია საოკუპაციო რეჟიმისთვის. უფრო მეტიც, თქვენ ამ ინფორმაციებს მალავთ და ამ დეტალებს ჩვენ რუსული წყაროების მეშვეობით ვიგებთ.
ახლა გვითხარით, რა არის თქვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით? რატომ მალავთ ამ ინფორმაციებს? და ჟენევის ფორმატში რა პოზიციას იკავებთ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით? და არის თუ არა ეს, იმ ცნობილი ბოდიშის მოხდის გამოხატულება ოკუპანტების მიმართ, რომელიც თქვენმა საპატიო თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პერიოდში გააჟღერა", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
თაგები:
შალვა კერესელიძე




