შალვა პაპუაშვილი – "ნამახვანჰესის" ისტორია არის კარგი დასტური, რომ გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია

ავტორი
Frontnews საქართველო
ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება, მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. თუმცა არსებობს რისკი, რომ საქართველოს ბიუჯეტს კომპანიის სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისროს. ეს არის კომპანია, რომელიც, ფაქტობრივად, უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ აქედან გააგდო. გარდა იმისა, რომ საქართველომ ზიანი მიიღო იმის გამო, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა, დამატებით შეიძლება, საქართველოს ბიუჯეტიდან მოგვიწიოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედმა ორგანიზაციებმა მიაყენეს. შეგახსენებთ, მაშინ ამ კამპანიას სრულად კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საია“. სამივე დაფინანსებული იყო ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან. დღეს უკვე ყველამ იცის, რა ფარსი მოაწყვეს – სრული დეზინფორმაცია, მართლაც ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო და ჩაშალეს კიდეც ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა.
ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება, მიიღო პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში. კანონი ემსახურება ქართულ ინტერესებს და იმ მავნებლობას, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა, როდესაც ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




