Logo

შიო მესამე - სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად

საზოგადოება
237
Frontnews
შიო მესამე - სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად

მრავალი განსაცდელისა და დაცემის, მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლითა და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღვრობდა ამ გზაზე. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ენა, ვინაობა, ეროვნება და დღემდე გვიპატრონა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა.

მისივე თქმით, სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ქართველებისთვის.

"მესამე საუკუნის დიდი მოღვაწის მღვდელმოწამე მოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისაგან მომდევნო ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია.

იგი წერს: ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას. განუყრელი კვართი ასევე ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი.

ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართის მცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალუმად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა.

სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთის ბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და წყალობა ქართველ ერზე. სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად. სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული.

ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთიანობამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც, როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე: "საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხვევთ მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრისგან კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა. ამ ღირს აღსანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი ზრუნვა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენდაც დღეს ჩვენ ვართ.

ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. დღეს ასევე აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო!", - განაცხადა შიო მესამემ.

თაგები:

შიო მესამე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები