თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობების და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობების და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს.
დედაქალაქში განხორციელებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, არქეოლოგიური ფენების და არტეფაქტების გამოვლენისას, თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.
ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება - ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
თბილისის მერია




