თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი მიმართულება დაემატა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება.
15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე პირველი ავიარეისი Boeing 737-ს ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ საინაუგურაციო ფრენის აღსანიშნავად აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გამართა.
აღნიშნული უკვე ყაზახეთის მეხუთე მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები სრულდება ასევე ალმათის, ასტანის, ატირაუს და აქთაუს მიმართულებით.
ავიაკომპანია Scat Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქთაუს მიმართულებითაც ასრულებს რეისებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანია Boeing 737 და CRJ-12 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს და კვირაში 3-ჯერ დაფრინავს. ასევე, აღნიშნული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
Scat Airlines ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო გადამყვანს შუა აზიასა და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ავიაკომპანია 60 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს და მისი მთავარი ჰაბი სწორედ შინქენთის საერთაშორისო აეროპორტია. შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის ყაზახეთის სიდიდით მესამე ქალაქია ასტანისა და ალმათის შემდეგ და ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ჰაბს წარმოადგენს.
თაგები:
ყაზახეთი




