
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარება და შავ ზღვაში უკრაინული დრონების ეფექტური შეტევები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში გენერალ-მაიორმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა. სამხედრო ექსპერტმა დეტალურად შეაფასა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარი საკადრო როტაციები, რუსეთის ლოგისტიკური კოლაფსის პერსპექტივები და კრემლის მოსალოდნელი ნაბიჯები.
- ბატონო ვახტანგ, გენერალ-მაიორ იგორ სკიბიუკის დანიშვნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად რაზე მიანიშნებს და რა თვისებრივ ცვლილებებს უნდა ველოდოთ ფრონტის მართვისა და ოპერატიული დაგეგმვის თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა, მოხდება გარკვეული ცვლილებები, რადგან ახალი მთავარსარდალი დაინიშნა სირსკის მაგივრად. ფაქტია, ამ ადამიანს თავისი ხედვები აქვს და გუნდი ჰყავს. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები იქნება. მარტო ერთი კაცი არ იცვლება ხოლმე - იცვლება გუნდი, პირები. ახალ მეთაურს მოჰყავს ის პიროვნებები, რომელთა შესაძლებლობებიც იცის და ვისაც ენდობა. გენერალური შტაბის უფროსი ამ შემთხვევაში მხოლოდ შტაბის უფროსია და მის ფუნქციონირებას ახორციელებს. შესაძლებელია, რაღაც ახალი სტრატეგია შეიმუშაოს ახალმა მეთაურმა, ან არსებული კიდევ უფრო განავითაროს. გენერალური შტაბის უფროსის საქმიანობა დაკავშირებულია შტაბის ფუნქციონირებასთან, დაგეგმარებასთან და ა.შ. ამიტომ არ არის გამორიცხული, ამ ადამიანმა რაიმე სიახლე შემოიტანოს.
- რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც თავდაცვის მინისტრის ცვლილება მოხდა? რატომ გახდა ასეთი წარმატებული მინისტრის გადაყენება საჭირო და რა შიდა პოლიტიკური დინებაა უკრაინაში, რის გამოც მოვლენები ასე განვითარდა? რა სახის ზიანი შესაძლოა ამან ფრონტის ხაზზე უკრაინას მოუტანოს?
- ჯერ გაურკვეველია, ვინ იქნება ახალი თავდაცვის მინისტრი. პიროვნება, რომელიც ახლა მოვალეობას ასრულებს, უშიშროების სამსახურის უფროსია. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს. გაურკვეველია, ეს პირი დატოვებს თუ არა სამხედრო თანამდებობას და გადავა სამოქალაქო პირად, რის შედეგადაც დარჩება თავდაცვის მინისტრად, თუ კონსტიტუციაში შეიტანენ ცვლილებას. ან ასევე არ არის გამორიცხული, რომ სრულიად სხვა პირი დაინიშნოს თავდაცვის მინისტრად. ასევე არ გამოვრიცხოთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფედოროვი უკან დაბრუნდეს. ძნელია თბილისიდან თქმა, კიევში რა ხდება. ძალიან ბევრი კულუარული ინფორმაციები ნამდვილად მოდის.
რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, ეს გამოწვეული იყო იმ ჩამოყალიბებული ურთიერთობებით, რომელიც მთავარსარდალ სირსკის და ფედოროვს შორის იყო ჩამოყალიბებული. ეს იყო დამოკიდებულება, რომელიც არ იყო სამუშაო და არ წაადგებოდა უკრაინას. მათ შორის არსებობდა კონფლიქტი, რომელიც არ იყო ახალი. ეს დაპირისპირება საკმაოდ დიდი ხანია გრძელდებოდა. მთავარი იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ზელენსკი. ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაიწელა, თუმცა მაინც ნორმალურად დასრულდა. სირსკიმ წერილი მიწერა ფედოროვს და ბოდიში მოუხადა იმ გარკვეული გამონათქვამებისა და კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო. ასევე ფედოროვმაც მადლობა გადაუხადა. სირსკიმ მისი დამსახურებაც აღნიშნა უკრაინის წინაშე. დაემშვიდობა სირსკი ოფიციალურად შეიარაღებულ ძალებს. მიტინგიც დაიშალა და არაფერი ამას გართულებები არ მოჰყოლია. ეს პრობლემა ამ პერიოდისთვის აღმოფხვრილია. აქ ერთი საკითხია, რაც არასწორი მგონია და არ მომეწონა - ზოგადად, მთავარსარდლის გათავისუფლება მიტინგებიდან არ უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი.
- რატომ გამოიწვია ფედოროვის გათავისუფლებამ ამხელა პროტესტი საზოგადოებაში?
- ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სოციალურ ქსელებთან საკმაოდ დიდი წვდომა აქვს. მისი სამსახურიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურია სოცქსელებში, საკმაოდ კარგი პიარით. თუ დააკვირდებოდით, მიტინგებზე საკმაოდ ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები იყვნენ. აი, ამ ფენის მიერ უფრო იყო მხარდაჭერილი. თუმცა თანდათანობით სამხედროებშიც გაჩნდა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფედოროვი გადააყენეს. ფედოროვს რაც წაუყენეს ოფიციალურ მიზეზად, რისთვისაც იყო გადაყენებული, ეს იყო სამობილიზაციო სისტემის ჩავარდნა. ფედოროვმა კონტრაქტორებზე საკმაოდ დიდი ანაზღაურება გამოაცხადა, რომელსაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა. მას ასევე შეიარაღებულ ძალებთან პრობლემები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესყიდვები ძირითადად შეიარაღებული ძალების დაკვეთით უნდა ხდებოდეს და არა მინისტრის გადაწყვეტილებით. აქ ბევრი ნიუანსი იყო, რის გამოც სირსკისა და ფედოროვს შორის დაპირისპირება გაჩნდა. ორივე მათგანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის ბოლო დროინდელი წარმატებისთვის და ომის აქცენტების ცვლილებისთვის. ალექსანდრ სირსკის ადგილას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დაინიშნა. ის საკმაოდ გამოცდილი კადრია, გენშტაბის უფროსის მოადგილეც იყო. მთავარია, რომ ახლა მას მიეცეს საშუალება, განახორციელოს ის ცვლილებები, რაც მიაჩნია, რომ საჭიროა და ახლა სჭირდება ჯარს და ამაში არ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან ჩარევა. ამდენად, პირველი ნაბიჯები გასაგები და მისაღებია.
- უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 48 საათში შავ და აზოვის ზღვებში 13 რუსულ გემს მიაყენეს დარტყმა. რამდენად ეფექტურია ეს სტრატეგია რუსეთის ლოგისტიკის ჩასაშლელად და აქვს თუ არა მოსკოვს ამ ეტაპზე საზღვაო დრონებისგან დაცვის რეალური მექანიზმი?
- ეს არის უკრაინის მხრიდან სტრატეგიულ-ოპერატიული ხედვა, ვინაიდან ეს არის მიმართული ერთიანი სისტემისკენ, რათა რუსეთს ლოგისტიკური კოლაფსი შეუქმნან. აზოვის და შავი ზღვა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აზოვის ზღვაში ტაგანროგის პორტია მნიშვნელოვანი. მასში არის ძირითადი არხი, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტირება ხდება სხვადასხვა მასალების, რომელიც როგორც სამგზავროა, ასევე კომერციული. შემდეგ, ვინაიდან აზოვის ზღვაში დიდი ზომის გემები ვერ შედის, ამ ზღვაში ხდება დატვირთვა გემების, რომლებიც შავ ზღვაში გადიან და იქ ხდება გადატვირთვა დიდ ტანკერებზე. ირანის მოვლენებიდან გამომდინარე, ასტრახანის დატვირთვა შედარებით ნაკლებია. თუმცა უკრაინელები იქაც მიწვდნენ და გარკვეულ ჩრდილოვან გემებზე დარტყმები იქაც განახორციელეს.
რუსეთს ეფექტიანი თავდაცვა რომ არა აქვს, ამაზე ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრება არც არის საჭირო, ვინაიდან ეს თვალნათლივ ჩანს. რუსეთის სიძლიერე რაც იყო, მისი დიდი ტერიტორია, მისი სისუსტე გახდა, ვინაიდან ვერ ახერხებს მთელი ტერიტორიის დაცვას და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არ ყოფნის. ამას კი ძალიან კარგად იყენებენ უკრაინელები. უკრაინელები ახერხებენ იმ ღრიჭოების პოვნას, რომლის საშუალებითაც რუსეთის თავდაცვის სისტემაში შესვლას ახერხებენ. ეს ხდება როგორც საზღვაო, ისევე საჰაერო თვალსაზრისითაც. ძირითადად ნავთობგადასამუშავებელ სისტემაზე მოხდა თავდასხმები. ახლა აქცენტი უკვე საწყობების და მომარაგების ქსელზე ინაცვლებს. არ არის გამორიცხული, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ამ დარტყმებმა გადაინაცვლოს თბოგამათბობელ სისტემებზე. რუსეთში ზამთარი არანაკლებ ცივია, ვიდრე უკრაინაში. ერთი კვირის განმავლობაში 13 რკინიგზა იქნა წყობიდან გამოყვანილი. რუსული ლოგისტიკა რკინიგზაზეა მიბმული და ეს საკმაოდ დიდი დარტყმაა რუსეთისთვის. ამავე დროს, რკინიგზის ხიდის აღდგენა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ხიდისა.
- ლავროვი მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე „ანკორიჯის შეთანხმებების“ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თუმცა პარალელურად ვრცელდება ცნობები რუსეთში მოსალოდნელი სექტემბრის მობილიზაციის შესახებ. თქვენი შეფასებით, ეს დიპლომატიური განცხადებები დროის გაყვანის მცდელობაა თუ კრემლი მართლაც ეძებს გამოსავალს გამოფიტვის ომიდან?
- ჯერ ერთი, მე კარგად არ მესმის, „ანკორიჯის შეთანხმება“ რა იყო - არცერთი დოკუმენტი არ შექმნილა. ლავროვი სწორედ ანკორიჯის სულისკვეთებაზე საუბრობს, მაგრამ არავინ იცის, რაზეა საუბარი. არავითარი ხელშეკრულება და მემორანდუმიც კი არ გაფორმებულა. რუსეთს რომ უჭირს და იქ რომ ვითარება პრობლემურია, ყველამ კარგად იცის. ალიევის განცხადება იყო, რომ აზერბაიჯანში ფარული შეხვედრა განხორციელდა, გერმანიის და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების შეხვედრა, სადაც განხილული იქნა რუსეთის მომავალი და ომის დასრულების გზები. დეტალებზე საუბარი არ არის, მაგრამ თავად ილჰამ ალიევის მხრიდან იქნა გაჟღერებული.
რაც შეეხება იმას, რომ პუტინი მობილიზაციას აპირებს, შესაძლოა, სრული მობილიზაციის გამოცხადება არ მოხდეს. ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში შემოღებული იქნეს ომის საფრთხეების უმაღლესი დონე, რაც ხელ-ფეხს უხსნის პუტინს და ძალოვან სტრუქტურებს, რათა გაამკაცრონ კონტროლი ქვეყანაში. თუ ამ საფრთხეზე გადავიდა რუსეთი, კრემლს ეძლევა უფლება, გამოიყენოს ყველა სატრანსპორტო საშუალება თუ შენობა, რომელიც კერძო პირისაა. კრემლს ეძლევა საშუალება, გამოიყენოს ექსპროპრიაცია და ომის საჭიროებების მიხედვით გამოიყენოს. ასე რომ, ამის საფრთხე არსებობს.
უკრაინის მხრიდან ზუსტად ამაზე იყო საუბარი და ფედოროვს სწორედ ეს წაუყენეს პრეტენზიად: თუ რუსეთი დაიწყებს საყოველთაო მობილიზაციას, ჩვენ მას ვერ დავუპირისპირდებით ფუტურისტული იდეებით და პროექტებით, ამიტომ უკრაინაც უნდა იყოს მზად. აი, ამ პირობებში სამობილიზაციო პროცესის ჩავარდნა, რა თქმა უნდა, პრობლემურია. ჯერჯერობით რაც არის გაცხადებული, ეს არის პუტინის მიერ მიცემული ვადა თავისი შეიარაღებული ძალებისთვის, რომ წლის ბოლომდე დაკავებული იქნეს დონბასი. ეს ვადა მე-15 შეიცვალა, სულ გადაიწია და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ წლის ბოლომდეც ვერ შესრულდება. პუტინმა განაცხადა, რომ ის დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონბასი იქნება შემოერთებული. არ არის რუსეთი ჯერ იმ კონდიციამდე მისული, რომ ომი მოლაპარაკებით დასრულდეს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ვახტანგ კაპანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს