ზელენსკი - ჩემთან უფრო რთულია? პუტინი დაესხა თავს უკრაინას და ომის დასრულება მას არ სურს

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინისთვის პრიორიტეტი რუსეთთან ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა. ამ გზაზე მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინის პოზიცია წარმოადგენს, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტს ტრამპის იმ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, სადაც მან ზელენსკის „ისეთი ადამიანი უწოდა, ვისთანაც საქმის დაჭერა არ ღირს“. ამასთან, ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინთან შეთანხმების მიღწევა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ზელენსკისთან.
"ჩემთან უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან? აი, ჩემთვის კი ტრამპთან უფრო ადვილია, ვიდრე პუტინთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა და ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ საერთო ენას მსჯელობისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები დაესხნენ თავს უკრაინას, მიიტაცა უკრაინის ტერიტორიები და კლავენ უკრაინელებს, ამიტომ, უკრაინას აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, დაიცვას თავი.
"პუტინს ამჟამად არცერთ ფორმატში მოლაპარაკებები არ სურს. ის სიტყვებით თამაშობს და აცხადებს, რომ თითქოს "დიალოგისთვის მზად არიან“, თუმცა, ეს უბრალოდ ომის დასრულების გულწრფელი სურვილის პაროდიას ჰგავს. მას არ სურს მისი დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, კრემლის ლიდერისთვის მთელი დონბასის ხელში ჩაგდება აღარ არის საკმარისი. მისი "მადა" იზრდება, რადგან იპოვა ხვრელი აშშ-სთან ახალი შეთანხმებებისა და სანქციების მოხსნის კუთხით.
"ჩემი აზრით, დიზელის საწვავზე ამ შეთანხმებებს ცალკე ვერ განვიხილავთ. შემდეგი იქნება გაზის შესახებ შეთანხმებები - ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. გაზის შეთანხმებების შემდეგ, შესაძლოა, სხვა სანქციებიც მოიხსნას. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება საბანკო სისტემას, ფიზიკურ პირებს და ქიმიურ ინდუსტრიას შეეხოს. კიდევ ერთი რისკი, რომელიც ვახსენე, არის გაყინული აქტივები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მოსკოვთან დიზელის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




