Logo

ზელენსკი - ეს იყო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა, ომის დასასრულებლად რეალური ნაბიჯებია საჭირო

უკრაინა
17.05.2025 / 13:32
323
Frontnews image description

რუსეთის არმიამ სუმის ოლქში ევაკუაციის ავტობუსზე თავდასხმის დროს ოჯახი: მამა, დედა და მათი ქალიშვილი მოკლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული დრონის მიერ ავტობუსის დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოებში ამჟამად შვიდი დაშავებული ადამიანი რჩება. ადამიანებს აქვთ დამწვრობა, მოტეხილობები, ტვინის შერყევა, ყველას უწევენ საჭირო დახმარებას.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

"წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ერთი ოჯახი მოკლეს: მამა, დედა და ქალიშვილი, ისინი დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. არ შეიძლება რუსებს არ სცოდნოდათ რა სახის მანქანას ბომბავდნენ. ეს იყო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა“, - წერს ზელენსკი.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გუშინ, სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა მიეცათ.

"უკრაინა დიდი ხანია, გვთავაზობს ამას - სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას სიცოცხლის გადასარჩენად. რუსეთი მხოლოდ მკვლელობის გაგრძელების შესაძლებლობას ინარჩუნებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ის მიიჩნევს, რომ მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს მკვლელობების შესაჩერებლად. ამისათვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

"გუშინ სტამბოლში ყველამ იხილა სუსტი და მოუმზადებელი რუსული დელეგაცია მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების გარეშე. ეს უნდა შეიცვალოს. ომის დასასრულებლად რეალური ნაბიჯებია საჭირო. ჩვენ ველით რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აშშ-სგან, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორისგან“, - წერს ზელენსკი.

დღეს დილით, სუმის ოლქში, ბელოპოლიეს მახლობლად, რუსული დრონი ავტობუსს თავს დაესხა - ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ბელოპოლიეს თემის ხელმძღვანელის თქმით, ავტობუსში მყოფი ადამიანები ევაკუაციის მიზნით მიემგზავრებოდნენ. დაღუპულთაგან ზოგიერთის ვინაობა ჯერ კიდევ დგინდება, მსხვერპლთა უმეტესობა ხანდაზმული ქალია.

ავტობუსზე რუსული თავდასხმის გამო რეგიონში გლოვის დღე გამოცხადდა.

Advertisement