ზელენსკი - რუსებმა კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობას დაარტყეს, რუსეთი აუცილებლად მიიღებს პასუხს ამაზე

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსებმა კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობას დაარტყეს. თავდასხმის შემდეგ, ობიექტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. საგანგებო სამსახურები ხანძარს აქრობენ და შენობას ათვალიერებენ, რადგან შესაძლოა, შიგნით ხალხი ჯერ კიდევ იმყოფებოდეს.
ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური.
"აუცილებლად იქნება პასუხი. და უკრაინის თითოეულმა პარტნიორმა უნდა დაინახოს, ამ ტერორიდან, ამ თავდასხმებიდან, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის მხარდაჭერას, მხარდაჭერას იმისა, რომ ტერორი არასდროს, არსად არ უნდა იყოს ნორმალიზებული. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე და იგრძნოს რეალური შედეგები. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას!“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსულმა დრონმა დღეს კიევის ცენტრში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას დაარტყა. შენობის ნაწილი განადგურებულია, ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის და სამი დაშავებულის შესახებ.
უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენდა. თავდაპირველად, ის ორსართულიანი იყო და გოგონების სკოლა-პანსიონად იყო განსაზღვრული. მოგვიანებით მესამე სართულიც დაემატა.
1918 წელს შენობა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის გახდა და დღემდე ასეა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




