ზელენსკი - თუ საპრეზიდენტო არჩევნები ომის დროს ჩატარდება, მონაწილეობას მივიღებ, მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყანა ამ ომის დასრულებამდე

ავტორი
Frontnews საქართველო
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუ ის საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარდება, - ამის შესახებ NBC News წერს.
ამერიკელმა ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუ რუსეთთან ომის ფონზე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა.
ზელენსკის თქმით, ის აუცილებლად მიიღებდა მასში მონაწილეობას, რადგან სანამ რუსული აგრესია გაგრძელდება, ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის ბედზე.
"თუ ეს ომის დროს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რადგან მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყანა ამ ომის დასაწყისიდან დასრულებამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში არჩევნები ჩაატაროს, თუ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მის მოთხოვნებს შეასრულებს.
"გადაეცით პუტინს: მოგვეცით სრული ცეცხლის შეწყვეტის ორი თვე და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით მივიღოთ ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ჩვენი ხალხი, უკრაინელი ხალხი, გააკეთებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თუმცა, მოსკოვმა მაშინვე უარყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა.
"ზელენსკის მიერ მოთხოვნილი 60 დღე არჩევნების ჩატარებისთვის კი არა, ძალების მოკრებისთვის, ჭრილობების მოშუშების და ომის გასაგრძელებლად არის განკუთვნილი“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




