Logo

ირაკლი კობახიძე - დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება

პოლიტიკა
299
Frontnews
ირაკლი კობახიძე - დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება
© Government of Georgia press office

იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი და საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა.

"მინდა შეგახსენოთ კონტექსტი. ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე წლის წინ. იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არ აშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა, თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. დღეს უკვე აგენტურა არის ბევრად უფრო დასუსტებული და ხელისუფლება  და სახელმწიფო - ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც განვითარდა რამდენიმე წლის წინ, უცხოური აგენტურის ინიციატივით, ვეღარ განვითარდება დღეს. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა ეს არის მოცემულობა. სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით, დანარჩენი დეტალები გაირკვევა. კიდევ ერთხელ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ჩართული იყო, მათ შორის კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არაერთი NGO ამ პროტესტში. ვინ აფინანსებდა ძალიან კარგად იცით ამ NGO-ებს, აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ვისაც ვეძახით ჩვენ Deep State-ს, გლობალურ ომის პარტიას, ზუსტად ეს წყაროები იდგა კონკრეტული NGO-ების და სხვა ძალების უკან“, -  განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საუბარი რუსულ წყაროებზე.

"შეიძლება ყოფილიყო ასეთი წყაროებიც, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, მაგალითად კონკრეტული NGO-ები საიდან ფინანსებოდა. შეიძლება იმპორტიორ კომპანიებს ჰქონოდათ კონკრეტული ინტერესი, ლოგიკური ინტერესი, რომ დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია. ეს არის ცალკე საკითხი და ამაში თქვენც შეგიძლიათ გაერკვეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო იყო შესაბამისად ბევრად უფრო სუსტი. დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი. შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ. 

რაც შეეხება გადახდას, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე. კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ალტერნატივაზე ვიფიქროთ, ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენიმე წლის წინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, „ფარა“ და ა.შ. უცხოური აგენტურა დღეს არის ბევრად უფრო სუსტი, სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი  და შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ. ამაზე ვიღებ დღეს პასუხისმგებლობას. 

თქვენს მიერ რუსულ კანონად მოხსენიებული კანონი რომ არ მივიღეთ მანამდე, შეიძლება ეს იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები