“რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური მმართველობა. ამასობაში, საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს აქვს სესხი. ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან, მიკროსაფინანსო დაწესებულებებიდან კი – 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, არამედ საბანკო მაფია – ოლიგარქია.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგებამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი, ეს რიცხვი შეადგენდა 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს. დეპუტატის განცხადებით, შედარებისთვის, 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, ბანკების წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი, ანუ ბანკების მოგება 15-ჯერ გაიზარდა.
“ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსული ოცნების დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ასევე ოლიგარქიული – საბანკო მმართველობა ქვეყანაში“, – განაცხადა დეპუტატმა.