“ჩვენ შალვა პაპუაშვილს პირველივე სხდომაზე ავირჩევთ. დადგება მისი კანდიდატურა და საქართველოს პარლამენტი მას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩევს“, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, შალვა პაპუაშვილს აქვს შესაბამისი გამოცდილება, რათა წარმატებით შეასრულოს ქვეყნის მთავარი კანონმდებლის მოვალეობები.
“შალვას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კერძო სექტორში. ასევე, წელიწადზე მეტია, ის პოლიტიკაში მოვიდა და საკმაოდ კარგად გაართვა თავი როგორც საკანონმდებლო პროცესებს, ისე – უცხოელებთან ურთიერთობებს, სადაც, ასევე, მდიდარი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის საკმაოდ წარმატებული თავმჯდომარე იქნება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი კახა კუჭავას შეცვლის.