უკრაინის არმიის მნიშვნელოვნად გაძლიერება დასჭირდება, თუ ნატოში არ მიიღებენ, კერძოდ, საუბარია სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაორმაგებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კითხვა, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები ექნება უკრაინას, ახლა მთლიანად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული. ამავდროულად, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან სუსტი გარანტიებით დაჯდომა საშიშია.
“თუ უკრაინა ნატოში არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ააშენებს ნატოს თავის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი დიდი ჯარი, როგორიც დღეს რუსებს ჰყავთ. ამ ყველაფრისთვის კი ჩვენ გვჭირდება იარაღი და ფული. ჩვენ ამას ვთხოვთ აშშ-ს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ეს არის “გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატოს ნაწილი არ გახდება.
“ჩვენ არ გვჭირდება არცერთი არმია მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ჯარი, მაგრამ უნდა გავაორმაგოთ იგი. გავაორმაგოთ. ვიყოთ იმავე დონეზე, როგორც რუსეთის არმია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ჯარის გაორმაგებისთვის უკრაინას ფული და სამხედრო ტექნიკა დასჭირდება – ევროპას შეუძლია დახმარება დაფინანსებით, აშშ-ს კი შეუძლია დაეხმაროს “გარკვეული ტიპის იარაღით”, კერძოდ, ეს ეხება შორი დისტანციის რაკეტებს და “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემებს.