რეზოლუციაში საუბარია იმაზეც, რომ ქვეყნებმა ცალმხრივად დაიწყონ სანქციების მიღება “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც თამაშობენ როლს ამ დემოკრატიულ უკუსვლაში, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ევროპარლამენტის ხუთი ჯგუფის რეზოლუცია, რომელიც გაერთიანდა ერთში.
“ეს არის ევროპარლამენტის ხუთი ჯგუფის რეზოლუცია, რომელიც გაერთიანდა ერთში და არის ძალიან მკაცრი, შედარებაც არ შეიძლება შარშანდელ რეზოლუციებთან. პირდაპირაა ნათქვამი, რომ ასოცირების შეთანხმება გადაიხედოს, რადგან დარღვეულია კონკრეტული მუხლები. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ ქვეყნებმა ცალმხრივად დაიწყონ სანქციების მიღება “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც თამაშობენ როლს ამ დემოკრატიულ უკუსვლაში.
მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დახმარება საბოლოოდ იქნება შეჩერებული და ამაზე საუბარი მომდევნო რეზოლუციებში აღარც კი იქნება.
ევროკავშირის მხრიდან ბევრ რამეზეა აზრი გამოთქმული, მათ შორის, პოლიტიკურ პატიმრებზე. ასევე, პირდაპირ ამბობენ, რომ არალეგიტიმურია დღევანდელი ხელისუფლება და პირდაპირ მოუწოდებენ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ევროკავშირის ზედამხედველობით”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ. ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზეც.