გამართლებულია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება უკრაინაში ერთიანი დელეგაციით მიემგზავრება, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შექმნილ აბსურდულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
“გამართლებულია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ასეთ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიანი დელეგაციით მიემგზავრება. უნდა ვაჩვენოთ, რომ სახელმწიფო ვართ და არა ვიღაცის კანტორა. ახლა რაც ხდება ამ დელეგაციასთან დაკავშირებით, ეს არის ომი მმართველ პარტიასა და მთავარ ოპოზიციურ ძალას შორის, სრულიად გაუგებარია, რა თქმა უნდა, ამაში დამნაშავეა ხელისუფლება, ისინი არიან პასუხისმგებლები ამ სულელურ და აბსურდულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან კი ვიტყოდი, რომ ასეთ პარტიასთან ერთად სადმე წასვლა და გამოჩენა მე პირადად მეუხერხულება კიდეც, მაგრამ ამას ოპოზიცია აკეთებს და ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
საბოლოო გადაწყვეტილებით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შედის, რის შესახებაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სია იდეალურად დალაგდა, კარგია რომ „ომის პარტია“ ბორტს მიღმა დარჩა.