spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ალადაშვილი – ტრამპის ინტერესშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს

როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი? –  საორიენტაციო ვადად ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ 100 დღეს ასახელებს. ტრამპმა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან აქტიური დისკუსიაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ვლადიმერ პუტინთან. ტრამპმა პრეზიდენტობის ორი კვირის ვადაზე განაცხადა, რომ ეს არის საშინელი ომი, მილიონობით ახალგაზრდა იღუპება, განადგურებული ქალაქები ნანგრევებს დაემსგავსა, ეს უბრალოდ უაზრო სიტუაციაა, რომელიც უნდა შეჩერდეს.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი Front News-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დათქმულ 100-დღიან ვადას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ომში, სადაც ყველა მხარეს საკუთარი ინტერესები აქვს, კონკრეტული თარიღების და ვადის დასახელება არასერიოზულია.

– აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის უკრაინის ომის დასრულებას 100 დღეში აპირებს და ამისთვის ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებს. მას ეს ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ განაცხადა. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად რეალურია მისი სურვილი? არის თუ არა ამ დროში ომის დასრულება შესაძლებელი? 

– დავიწყოთ იქიდან, რომ გარკვეული თარიღების დათქმა არასწორი მგონია, მით უმეტეს, როცა საქმე ომს ეხება. ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იმასაც ამბობდა, რომ ომს ერთ დღეში დაასრულებდა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, რადგან ეს არის ძალიან მძიმე ომი, სადაც ძალიან ბევრი ინტერესი მოქმედებს და ასე ადვილად ომის დასრულება ვერ მოხდება.

რაც შეეხება ინტერესებს, ჩვენ ვიცით, რომ ამ ომში უკრაინასაც და რუსეთსაც საკუთარი პირობები აქვთ. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია დაიბრუნოს ყველა მიტაცებული ტერიტორია. აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა პროგრამა მინიმუმი არის, რომ ამ ეტაპზე ომი შეაჩეროს, რომ ცეცხლი შეწყდეს. იგივე არსებობს პუტინისთვისაც პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. პუტინის მაქსიმუმი ვიცით იყო მთელი კიევის აღება და შემდეგ უკრაინის სრულად ხელში ჩაგდება. თუმცა როდესაც მას ეს არ გამოუვიდა, ამის შემდეგ გადასულია პროგრამა მაქსიმუმზე. როგორც იტყვიან,  მადა ჭამაში მოდისო და თუკი მას შესაძლებლობა ექნება, ის შეტევებს გააგრძელებს. ის აღმოსავლეთ ფრონტზე მართალია დიდი დანაკლისებით, ნელა, მაგრამ წინ მიიწევს. ასეთ დროს, როდესაც აღმოსავლეთ ფრონტზე ინიციატივას მხოლოდ აგრესორი ფლობს, ის შეეცდება, რომ ეს ინიციატივა არ შეაჩეროს. უფრო მეტი დაიპყროს, რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად უფრო მეტი კოზირი ჰქონდეს ხელში.

– ჩვენ ვნახეთ ტრამპის განცხადება, რომ ზელენსკიც არ არის ანგელოზი და ისე გამოუვიდა, თითქოს ამ ომის თავიდან არიდება მას შეეძლო და ეს არ გააკეთა. თითქოს ჰქონდა არჩევანი, რომ ომი არ დაწყებულიყო და პასუხისმგებლობის ისრები მასზეც გადაიტანა. თქვენ როგორ გაიგეთ მისი ეს ნათქვამი?

– ტრამპი ცდილობს, შექმნას განცდა, რომ ორივე მხარეა ომის დაწყებაში დამნაშავე, ამიტომ ორივე მათგანი დათმობაზე უნდა წავიდეს. ტრამპის ინტერესშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს. მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, სადაც ჩინეთი მთავარ მოთამაშედ არის წარმოჩენილი. მისთვის ახლა მთავარია, რომ მთელი ეს ძალები უკვე ჩინეთის მისამართით გადაიტანოს. ვხედავთ, რომ ის რუსეთს მთავარ საფრთხედ და მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სურს სწრაფად. უნდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე რაც შეიძლება უფრო მალე დასვას. ეს უფრო  ერთგვარი პოლიტიკური მანევრია იმისთვის, რომ აი არცერთის მხარეს არ ვარ და ორივეს მაინც დამნაშავედ მიგიჩნევთ.

– პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, პუტინის მხრიდან გაჩნდეს ამ სახის მოთხოვნა, რომ ზელენსკიმ არ მიიღოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა? რა არის პუტინის რეალური განზრახვა? 

– რა თქმა უნდა, პუტინი ათას რაღაცას მოიგონებს იმისთვის, რომ სიტუაცია გააჭიანუროს და მოლაპარაკებები რაც შეიძლება დროში გაიწელოს. პუტინს სანამ საბრძოლო ინიციატივა ხელთ აქვს, ეცდება ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდეს. ზელენსკის პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება მოხდა იმიტომ, რომ ქვეყანაში ომია. ამიტომ მისი ლეგიტიმურობა ამ კუთხით კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება. ასეთ შემთხვევაში გასაგებია უკრაინაში არ ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ზელენსკი დასავლეთის მიერ აღიარებული პრეზიდენტია. პუტინის მცდელობა ალბათ, კიდევ იმით არის განპირობებული, რომ მას უნდა ზელენსკის გააუქმებინოს ის კანონი, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს კრძალავს. ეს კანონი მართლა უკან წასაღები იქნება, რომ ამის გარეშე მოლაპარაკება ვერ მოხდება. ფაქტია, რომ მტერთანაც მოლაპარაკებაა საჭირო, რათა ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს.

– როგორ ფიქრობთ, ვის უფრო აწყობს და სჭირდება ახლა ცეცხლის შეწყვეტა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, პუტინი ეცდება პირიქით სიტუაციის გაჭიანურებას. მაშინ უკრაინის ინტერესებში უფრო უნდა შედიოდეს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დაიწყოს?

– რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე მეტად ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას აწყობს. ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე სიტუაცია რთულია და უკრაინის არმიას სასწრაფო ამოსუნთქვა სჭირდება. ისინი არათუ გადაღლილები არიან, არამედ გადამწვრები. 3 წლის წინ უმეტესობა მათგანი ფრონტის ხაზიდან არც შეცვლილა. არ ჰყოფნის უკრაინას პირადი შემადგენლობა და ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ. თავად სამხედრო მართვის კუთხითაც არ აქვთ კარგი სიტუაცია. ამიტომ უკრაინის ინტერესებშია ცეცხლი დროებით მაინც შეჩერდეს. რას მოითხოვს ოკუპანტი რუსეთი ამ ყველაფრის სანაცვლოდ, კაცმა არ იცის. რაც პუტინს უნდა, ეს ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს.

– როგორ წარმოგიდგენიათ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა როგორ უნდა მოხდეს? ანუ უკრაინის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ვინ უნდა იყოს, რომელი ქვეყნები შესაძლოა, ამის გარანტორები გახდნენ. ნატოში უკრაინის გაწევრიანება, რომ ვერ მოხდება ფაქტია, ეს პუტინის პირველი პირობაა. ტრამპმაც პოზიცია ღიად დააფიქსირა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების დაპირება დიდი შეცდომა იყო. 

– რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია. უკრაინას სჭირდება ძალიან მყარი გარანტიები. საქართველოს მაგალითზე ვიცით ნატოში გაწევრიანების დაპირება როგორი ბლეფიც იყო. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ და უკრაინასაც დათვური სამსახური გაგვიწიეს. ეს რუსეთისთვის წითელი ნაჭერივით აღმოჩნდა, რომელიც ჯერ ჩვენ გვეტაკა რქებით, შემდეგ კი უკრაინას. ვერც მაშინ ნატო ვერ აიღებდა ჩვენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას და ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ნატოში უკრაინას არ შეიყვანენ ერთადერთი მიზეზით, რომ ნატო არ შევა უკრაინის გამო საბრძოლო მოქმედებაში რუსეთთან.

რაც შეეხება იმას, რომ ერთმა რომელიმე ქვეყანამ აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, ესეც არარეალურად ჩანს. ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ევროპელი ცისფერ ჩაფხუტიანები განთავსდნენ. ორი ვარიანტია, ან უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტის ადგილას, ფრონტის ხაზზე დადგნენ, ან უფრო ზურგში კიევის დაცვაზე. ესეც მოხდება იმ ვარიანტში თუ რუსეთი დასთანხმდება. ამერიკელები ახლავე ამბობენ იმას რომ თავის მშვიდობის მყოფელებს ევროპაში უკრაინის ფრონტზე არ გააგზავნიან. თუ გააგზავნიან, ალბათ ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, მაგრამ რუსების ტყვიებს თავს არც ისინი შეუშვერენ. თუ მათაც არ ექნებათ გარანტია, რომ პუტინი საბრძოლო მოქმედებებს აჩერებს.

– ჩინეთის ფაქტორი როგორც ჩანს, ამ ომის დასრულებაში მნიშვნელოვანი იქნება. რის საფასურად შესაძლოა,  ჩინეთი ამერიკას უკრაინის ომის დასრულებაში ჩართვაზე დასთანხმდეს. ან რატომ უნდა დასთანხმდეს პუტინთან შუამავლობას, მათი მოტივაცია რაში მდგომარეობს?

– ჩინეთიც სხვათა შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მომხრეა. რა თქმა უნდა, ჩინეთსაც თავისი ინტერესები აქვს. ევროპაში ჩინეთს მშვიდობა აწყობს, რადგან მისი ეკონომიკა განვითარდეს და ამ მხრივ პრობლემები მათაც შეექმნათ. ევროპაში ომი არც ჩინეთს აწყობს და არაა მომგებიან სიტუაციაში. ის, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა ისე მოილაპარაკონ, რომ პუტინს დაუპირისპირდნენ, არ მგონია ასე მოხდეს. ჩინეთი თავის პოლიტიკას ატარებს და მას ნეიტრალური უკავია. თუმცა სი ძინპინს დიდი გავლენა აქვს პუტინზე. გვახსოვს 2022 წელს, როდესაც პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრებოდა, მან მიიღო შეტყობინება ჩინეთიდან, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. სამწუხაროდ, მაშინ ამერიკა ამ შანტაჟს წამოეგო. გახსოვთ ალბათ, ხარკოვზე შეტევა, რომელიც შემდეგ შეჩერდა. სწორედ მაშინ ვეღარ მიიღო უკრაინამ დახმარება. არადა თუკი შეტევა გაგრძელდებოდა, უკრაინას შეეძლო რუსების უფრო შორს გაყრა, სამწუხაროდ ასე მოხდა, ამიტომ ეს ომი ასე მარტივად დასასრულებელი არ მგონია, იყოს.

ელზა პაპოშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები