უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში, სადაც მან კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებთან კონტაქტებზე, რესურსების მოპოვების შეთანხმებაზე, პუტინთან მოლაპარაკების პირობებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე, ნატოში წევრობის ალტერნატივაზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.
“უკრაინა არ ეძებს შუამავლობას მას და ვლადიმერ პუტინს შორის, რადგან სწორედ პუტინმა დაიწყო ომი. ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერა, რომ იყოს უკრაინის მხარეზე.
მიუნხენში სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია. იმიტომ, რომ ეს არის მიუნხენი და აქ არ არის პრეზიდენტი (ტრამპი) და ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცებს მოეწერა აქ ერთხელ ხელი. მე არ გავიმეორებ ასეთ რამეებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმება დადებული იქნება ომის დასრულების გეგმის შემდეგ, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ ტრამპმა და ევროპამ.
“რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ამიტომ ევროპის ხმა მოლაპარაკების მაგიდასთან ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იყო “ძალიან კარგი საუბარი“ ტრამპთან და ამერიკელ კოლეგებთან. და უკრაინამ მიიღო შეთავაზება წიაღისეულის მოპოვებაში ინვესტიციისთვის, თუმცა რაც შეეხება რესურსებს, მნიშვნელოვანია მათი დაცვა, რათა არ მოხვდნენ რუსეთისა და მისი მოკავშირეების – ჩრდილოეთ კორეისა და შესაძლოა, ჩინეთის ხელში.
“არ ვიცი, ვის სურს რუსეთმა აჩუქოს ისინი ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კრიტიკული მინერალები და ეს არის ჩემი გზავნილი. მოხარული ვარ, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანი ჩამოვიდა კიევში და ჩამოიტანა დოკუმენტი. მე ვუთხარი, რომ ჩვენი ადვოკატები შეისწავლიან და შემდეგ დააბრუნებენ კომენტარებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს არ არის უსაფრთხოების დოკუმენტი, არამედ ორმხრივი მემორანდუმი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზადაა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შეხვდეს “დღეს საღამოს ან ხვალ დილით“.
“მე არ ვარ მზად ყველაფერზე ხელმოსაწერად, მაგრამ მზად ვარ შევხვდე. ეს მემორანდუმი გაფორმდება, თუ მზად იქნება ხელმოწერისთვის”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საჭიროა ტრამპთან შეხვედრა, რათა მომზადდეს გეგმა “ცივილიზებული ხალხისთვის”.
“მნიშვნელოვანია შეხვედრა (ტრამპთან), რათა არ მივიღოთ გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ეს არის ჩვენი პრინციპული. მე ვლაპარაკობ მთელი ჩვენი ერის სახელით. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ჩვენ პუტინს უბრალოდ პაუზას მივცემთ.
მე არ მინდა ვიყო ის ადამიანი, ვინც დაეხმარა პუტინს საკუთარი ქვეყნის ოკუპაციაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი აზრით, ტრამპს აქვს პუტინზე ზეწოლის ყველა ბერკეტი, რომელსაც შეუძლია სანქციების დაწესება. ზელენსკიმ ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვაშინგტონში ჩავიდეს “ნებისმიერ დღეს ცივილიზებული ხალხის ერთობლივი გეგმის შესამუშავებლად“.
რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ზელენსკის თქმით, აშშ უკრაინას ნატოში ვერასოდეს ხედავდა.
“მართალი გითხრათ, აშშ ვერასოდეს გვხედავდა ნატოში. ისინი ამაზე საუბრობდნენ, მაგრამ არასდროს უნდოდათ უკრაინა ნატოში. ეს მართალია”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, სენატორები და კონგრესმენები მხარს უჭერდნენ უკრაინის წევრობას, მაგრამ პრეზიდენტის დონეზე მას არასოდეს გაუგია, რომ “ჩვენ ვიქნებით ნატოში“. ეს არ არის ტრამპის, არამედ აშშ-ის პოლიტიკის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ვერ შეცვლის ამერიკის პოლიტიკას.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, რომელსაც შეუძლია ყველგან გააძლიეროს ნატო. შესაბამისად, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ორმხრივ ინტერესებში იქნებოდა.
“თუ უკრაინაში ნატო არ იქნება, ჩვენ თვითონ შევქმნით “ნატოს უკრაინაში”. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება ჯარის გაძლიერება, ჯარისკაცების გაორმაგება. ჩვენ გვჭირდება 200-ზე მეტი ბრიგადა. ეს აუცილებელია, რადგან ახლა ევროპასთან ერთად, რომელსაც დაახლოებით 80 ბრიგადა ჰყავს, რუსეთზე ნაკლები ძალებია. და თუ გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ უკრაინის არმიის ზრდა და ასევე ვიპოვოთ გზა, რომ გავზარდოთ სამხედრო წარმოება და არმია ევროპაში. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ამაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან. ზელენსკის თქმით, პირველ რიგში, ამერიკამ ევროპასთან ერთად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას და შეინარჩუნოს ერთიანობა. და თუ ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, “ეს კარგი იქნება”.
რაც შეეხება უცხოურ კონტინგენტს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან იქნება ეს ძალები.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონიანი არმია, თუ არ ვაპირებთ ნატოში ყოფნას. თუ გვინდა, რომ არ შეგვეშინდეს პუტინის ახალი შემოჭრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. და ეს იქნება უსაფრთხოების რეალური გარანტია. პუტინი გაიგებს, რომ მას ჰყავს 1,5 მილიონი და უკრაინას ჰყავს 1,5 მილიონი და თუ მას უნდა, რომ მოვიდეს და მოკვდეს, ვთხოვთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ იცის სად სჭირდება დამატებითი შეიარაღებული ძალები.
“ჩვენ გვაქვს რუკა ნომრებით, მაგალითად, სად გვჭირდება უცხოელი პარტნიორების ძალები, სად განვათავსოთ ისინი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა რეალურად მისცა ზელენსკის პირადი ნომერი და უთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკვა. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ტრამპი უკრაინას დაეხმარება.
რაც შეეხება ჭორებს მომავალ კვირას რუსებთან სავარაუდო შეხვედრის შესახებ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
“დიახ, მე ვეწვევი საუდის არაბეთს. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში, ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვაქვს დაგეგმილი მათთან, ვინც უკვე დაგვეხმარა ჩვენი ჯარისკაცების დაბრუნებაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისინი დაგვეხმარნენ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში. მე არ შევხვდები რუსებს, შევხვდები მხოლოდ ერთ რუსს – პუტინს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტრამპთან და ევროპასთან საერთო გეგმა გვექნება. და პუტინთან ერთად დავსხდებით და ომს შევწყვეტთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვარ მზად შევხვდე და არა სხვა კომპრომისული პირობებით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.