პარლამენტის შესასვლელთან, ამ წუთებში, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციისთვის იკრიბებიან.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, პარალელურად კი მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და 5 ივლისის ორგანიზატორებისა და მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ. ამასთან, მათ სურთ, აიღოს ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5-6 ივლისის მოვლენებზე.
“არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი პროტესტი გაჩერდება. ჩვენ ვართ საბრძოლო განწყობაზე და ვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას. ამ ეტაპზე თავისუფალი არიან ადამიანები, რომლებიც გასცემდნენ ბრძანებას, როგორ უნდა დაღვრილიყო მედიის წარმომადგენლების სისხლი დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვსვამთ კრიტიკულ კითხვებს. პროტესტი არ შეჩერდება”, – აცხადებენ ჟურნლისტები.
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელთან პოსტერის გაკვრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.