უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასრულების მხოლოდ ერთი სცენარი არსებობს – უკრაინისა და დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება.
“გამარჯვების ორი ძირითადი კომპონენტია. პირველი არის სტაბილური უსაფრთხოება კონტინენტზე. არა უკრაინაში, არამედ კონტინენტზე, ან შესაძლოა, მსოფლიოშიც კი. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებით და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანით. მეორე ფაქტორი – დეპუტინიზაცია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის ნებისმიერი მცდელობა გამოიყენოს დემოკრატიული მექანიზმი კონტინენტზე სტაბილურობისა და მშვიდობის ძირის გამოსათხრელად”, – განაცხადა პოროშენკომ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების დასაჩქარებლად ხუთი ძირითადი ფაქტორია საჭირო.
“ეს არის ჩემი გეგმა უკრაინისა და ევროპის გამარჯვებისთვის. პირველი: იარაღი. ჩვენ გვაკლია იარაღი, უპირველეს ყოვლისა საბრძოლო მასალა, გამანადგურებლები, არტილერია და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რადგან ეს არის სრულიად ახალი ტიპის ომი.
მეორე: სანქციები. ამჟამინდელმა სანქციებმა შეწყვიტა რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობები, რამაც შეიძლება აიძულოს პუტინი მოლაპარაკება აწარმოოს ჯარების გაყვანის შემდეგ.
მესამე: სამართალი. პუტინი უნდა წარდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე.
მეოთხე: ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელიც დაგვეხმარება გადარჩენაში, მე არ ვსაუბრობ რეკონსტრუქციაზე, ამის დრო იქნება, არამედ ფინანსურ მხარდაჭერაზე.
მეხუთე: უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ხუთი ნაბიჯის კოორდინაციას, ძალიან მოკლე დროში მივაღწევთ გამარჯვებას“, – განაცხადა პოროშენკომ.
კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინელი ერი შეწყვიტოს ცეცხლი “ომისგან დასავლეთის დაღლილობის” გამო, პოროშენკომ უპასუხა: “ნამდვილად არა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა პუტინისთვის შესაძლებლობაა”.