ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სახელმწიფოს საკუთრებაშია და უკრაინა არ აპირებს მასზე საკუთრების უფლების ვინმესთვის გადაცემას, თუმცა, შეერთებულ შტატებს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს მის აღდგენასა და მოდერნიზაციაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს. ეს არის სახელმწიფო ატომური ელექტროსადგურები. ეს არ არის ჩვენთვის კერძო საკუთრება და ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ენერგოდარში (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური), ის ასევე ეკუთვნის უკრაინის სახელმწიფოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არავისთვის არ იმუშავებს, თუ უკრაინული არ იქნება.
“თუ მათ უნდათ ინვესტიციების ჩადება, მოდერნიზება, ეს სხვა საკითხია. ეს საკითხი ღიაა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, საკუთრების საკითხზე პრეზიდენტ ტრამპთან არ გვისაუბრია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრისას მას საერთოდ არ უსაუბრია უკრაინაში ენერგიის გამომუშავების საკითხზე.
“ამას არ განვიხილავთ. ჩვენ გვაქვს ატომური ელექტროსადგურები მოქმედი, 15 ბლოკი, ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს ეკუთვნის, ჩვენ ვართ დაკავშირებული ევროპულ ქსელთან, ჩვენთვის ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოების სერიოზული გარანტია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ყველა თანამშრომელი, რომელიც ამჟამად მუშაობს ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, უკრაინის მოქალაქეა და რუსები კი მათ იქ ძალით აჩერებენ.
“ყველა დასაქმებული იქ უკრაინელია. იცით, როგორ აჩერებენ იქ? ბევრი მათგანის შვილები წაიყვანეს, ჩასვეს ავტობუსებში და გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ასე მუშაობს ხალხი”, – განაცხადა ზელენსკიმ.