ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების გამო, 16 და 17 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.