მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასასრულებლად. ამავდროულად, ნატოს მოკავშირეებმა უნდა განაგრძონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რათა მან შეძლოს მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი, მაგრამ უკრაინელებმა ეს უნდა გააკეთონ ძლიერების პოზიციიდან. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის თავდაცვითი დახმარება, რათა უკრაინა იყოს ძლიერ პოზიციებზე, როდესაც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, უკრაინის გზა ნატოში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია.
“ეს არის შეუქცევადი გზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ, ჩვენ ვაშენებთ „ხიდს“ (უკრაინისთვის ნატოში), 40 მილიარდი ევროს გამოყოფით, ვისბადენში სარდლობის შექმნით, ყველა იმ შეთანხმებით, რომელიც მოკავშირეებმა უკრაინასთან ორმხრივ დონეზე გააფორმეს. ეს ყველაფერი არის ნატოში უკრაინის მომავლის წვლილი“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.